2024 წლის 5 აგვისტოს გაეროს ქალთა ასოციაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ასოციაცია „თანხმობა“-მ გამართა ტრენინგი თემაზე: „ცვლილებები საარჩევნო კოდექსში: ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში“. ტრენინგს ესწრებოდნენ ქალები გარდაბნის, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებიდან.
ტრენინგის მიზანი იყო ამომრჩევლისთვის საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათთვის ამ მიმართულებით დანერგილი ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გაცნობა და ხმის მიცემის პროცესის იმიტირება. ტრენინგის დროს, ტრენერი ნათია წიპტაური - მცხეთის საარჩევნო კომისიის წევრი, შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა:
• საარჩევნო პროცესში გამოყენებული ტექნოლოგიური აპარატები;
• ამომრჩევლის ვერიფიკაცია;
• ხმის ელექტრონული დათვლა;
• ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემების გადაცემა;
• ელექტრონული შედეგების დათვლა;
• ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების დადებითი ასპექტები.
მონაწილეები განსაკუთრებულად აქტიურები იყვნენ ხმის მიცემის პროცესის სიმულაციისას, რომლის დროსაც ტრენერმა ახსნა, თუ როგორ უნდა დაეფიქსირებინათ მათ თავიანთი არჩევანი ბიულეტენში და შემდეგ როგორ უნდა მოეთავსებინათ ის ხმის მთვლელ აპარატში ფარულობის დაცვით. ამ ტრენინგმა მონაწილეების მხრიდან ძალიან დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.
მსგავსი ტრენინგების სერიის განხორციელება იგეგმება ასევე გორის, კასპის, ქარელის, ზუგდიდისა და ონის მუნიციპალიტეტებისთვის.
ტრენინგი ჩატარდა „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ. პროქტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდი.
Comments