2021 წლის 11 ოქტომბერს პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში ასოციაცია „თანხმობა“-მ მრგვალი მაგიდა ჩაატარა. მრგვალი მაგიდა online ფორმატში ჩატარდა. მრგვალი მაგიდის მსვლელობისას მონაწილეებმა განიხილეს სიტუაცია შიდა ქართლის რეგიონში - მთავარი საჭიროებები და გამოწვევები, ასევე სიტუაცია ახალგორის რაიონში.
სიტყვით გამოვიდნენ ექსპერტები - ბ-ნი გოგა აფციაური, ქ-ნი ლია ჩლაჩიძე, თამარ მეარაყიშვილი, ქეთი ბებიაშვილი და ლალი დევიძე. ყველა ექსპერტმა აღნიშნა ეპიდემიით გამოწვეული ურთულესი სიტუაცია, ვაქცინაციის დაბალი ტემპი, ასევე აღინიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილმა რთულმა პოლიტიკურმა ვითარებამ უკანა პლანზე გადაწია დევნილების და კონფლიქტით დაზარალებულთა პრობლემები. ეს სიტუაცია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს და უნდა ჩატარდეს მედია კამპანია, რათა წინ წამოვწიოთ ამ მოსახლეობის პრობლემები. ასევე ტარდება საინფორმაციო კამპანიები ვაქცინაციაზე, მაგრამ უფრო მეტია ჩასატარებელი.
ქ-ნმა თამარ მეარაყიშვილმა აღწერა ახალგორში შექმნილი სავალალო სიტუაცია. ავადობა არის ძალიან მაღალი, სამედიცინო სექტორი ამას ვერ უძლებს, ვაქცინაციის კამპანია საერთოდ არ ჩატარებულა, ხალხი გაუსაძლის პირობებშია - სკოლები და ბაღები დაკეტილია, გამშვები პუნქტიარ მუშაობს - სამკურნალოდ გადასულ ადამიანებს უკან არ უშვებენ.
ქ-ნმა ლია ჩლაჩიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია გავაქტიურდეთ და დავიწყოთ მუშაობა, მაგალითად, რეზოლუცია 1325, ასევე აუცილებელია ვაქცინაციაზე საინფორმაციო კამპანია და ადგილზე მოსახლეობის აცრა, რაც ერგნეთში არ ხდება.
ქ-ნმა ქეთ ბებიაშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წლიდან საუბარია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სტატუსზე, მაგრამ ეს საკითხი დღემდე არ გადაწყვეტილა. ასევე ძალინ ცუდი კომუნიკაციაა ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს შორის, რაც ასევე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ყველა მონაწილე თანახმაა, რომ სასწრაფოდ გასატარებელი ისეთი ღონისძიებები, რომლებიც წინ წამოწევენ დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებს, მაგალითად, მედია კამპანია და პრობლემების გაშუქება.
პროექტი „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებს დევნილების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას. ასევე, ადამიანის უფლებების სტრატეგიაში და სხვა სახელმწიფო დოკუმენტებში აღნიშნული ჯგუფის უფლებების დაცვისა და მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის მონიტორინგს, ასევე ეროვნული სამოქმედო გეგმის „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ განხორციელების მხარდაჭერას.
Comments