ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში იწყება სამი ახალი პროექტი, რომლის მიზანია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში შექმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს დევნილებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ.
პროექტებს განახორციელებენ ევროკავშირის პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები: „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“.
„ევროკავშირი, კრიზისის დაწყების დღიდან მხარში უდგას საქართველოს და ასე გააგრძელებს. განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების კეთილდღეობა თავიდანვე იყო ევროკავშირის ზრუნვის საგანი, ხოლო მათი მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული პრობლემის დასაძლევად საქართველოსთვის გაწეული დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახდინეთ საჭირო რესურსების მობილიზება და დღეს, დიდი სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ იწყება სამი მნიშვნელოვანი პროექტი", - თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
პროექტები ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფის დახმარებას მედიკამენტებით, პირველადი საჭიროების პროდუქტებით, საკვებით და სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული მომსახურებით.
პროექტები შეირჩა Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისზე სწრაფი რეაგირებისთვის ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად. 3 ახალი პროექტი კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი დახმარების პირველი პაკეტის შემადგენელი ნაწილია.
Comentarios