top of page

სიახლეები

Search

შეხვედრა დონორი ორგანიზაციის EED  (“Evangelischer Entwicklungsdienst”) წარმომადგენელთან


22 იანვარს შედგა შეხვედრა დონორი ორგანიზაციის EED (“Evangelischer Entwicklungsdienst”) წარმომადგენელთან ფელისიტას მენთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ფელისიტას მენი (დონორი ორგანიზაციის EED (“Evangelischer Entwicklungsdienst”) წარმომადგენელი და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ წევრები.

ასოციაციის თავმჯდომარემ ქ-მა იულია ხარაშვილმა მოახსენა ასოციაციის საქმიანობის შესახებ აღნიშნული პროექტის ფარგლებში და აგრეთვე ისაუბრა სხვა პროექტების შესახებ, რომლებსაც ასოციაცია 2009 წელს ახორციელებდა.

აღინიშნა, რომ იმ დასახლებებში, სადაც დევნილები იზოლირებულად არ ცხოვრობენ, ისინი უფრო ადვილად შედიან კონტაქტში ადგილობრივ მოსახლეობასთან და ინტეგრაციის პროცესი ბევრად უფრო მარტივად მიმდინარეობს. მაგალითად მოყვანილ იქნა ჭკადუაშის კომპაქტური დასახლება და ზემო ეწერის კომპაქტური ცენტრი (სამეგრელო). ზოგიერთ ახალ ჩასახლებაში დევნილები იზოლირებულად ცხოვრობენ, რაც ინტეგრაციის პროცესს ანელებს.

კიდევ უფრო რთული ვითარებაა ეთნიკურად არაერთგვაროვან რაიონებში (გარდაბანი - აზერბაიჯანლები, შაუმიანი - სომხები). ინტეგრაციის პროცესი ამ რაიონებში ძალიან ნელა მიმდინარეობს. არა აქვთ საურთიერთობო ენა.

დევნილთა ახალ ჩასახლებებში ახალი პრობლემებიც ჩნდება. მაგალითად, შავშვებში - წყლის პრობლემაა, ხურვალეთში - სკოლის. ბოლნისში, წალკასა და შაუმიანში ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის პრობლემაა საურთიერთობო ენის არცოდნის გამო.

ზოგ რაიონში ადგილი აქვს ე.წ.„ძველი“ დევნილების დისკრიმინაციას „ახლებთან“ შედარებით.

ბოლო პერიოდში ადგილი აქვს ადგილობრივ თვითმმართველობის წინააღმდეგ „ახალი“ დევნილების გამოსვლებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ მთლიანად აღარ ფარავენ მათ კომუნალურ გადასახადებს და უფარავენ ელექტროენერგიის ერთ სულზე მხოლოდ 100 კვ/ს .

როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?

აუცილებელია დევნილებთან სერიოზული ტრენინგების ჩატარება და მოსახლეობაში განმარტებითი სამუშაოების ჩატარება.

აღნიშნულ პერიოდის დროს საკმაოდ ნაყოფიერი იყო ბავშვებთან მუშაობა. ასოციაციის წევრებმა მუშაობის ახალი მეთოდი შესთავაზეს: საკვირაო სკოლებში, ახალგაზრდულ ჯგუფებში, ტრენინგებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ისტორიის ჩართვა, რადგან ბავშვებმა და მოზარდებმა ხშირად საკუთარი კუთხის ისტორია არ იციან.

დღესდღეობით გამოიკვეთა შემდეგი აქტუალური პრობლემები:

სოციალური სამსახურები

კლიმატური ცვლილებები

ინტეგრირებული სოფლის მეურნეობის განვითარება

სამოქალაქო საზოგადოების განვითარება

სამშვიდობო პროცესები, მშვიდობის მშენებლობა და შერიგება

დევნილთა ინტეგრირება ადგილობრივ საზოგადოებაში

ადგილობრივ თვითმმართველობასთან მუშაობა

თემის აქტივიზაცია

თემის მობილიზაცია სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში

პროექტის განხორციელების დროს აუცილებელია ზუსტი ინდიკატორების დადგენა, ინდიკატორი გვაჩვენებს თუ რა წარმატებები იქნა მიღწეული პროექტის განხორციელებისას, როგორია შედეგები. ასევე მნიშვნელოვანია ზუსტად და კონკრეტულად აღნიშნო პროექტის მიზნები.

შეხვედრის დროს განიხილეს პროექტის მსვლელობისას წარმოშობილი სირთულეები, დაისახა მომავლის გეგმები და მიზნები.

bottom of page