„მხარდაჭერის სახლის“ ჯანსაღი დაბერების მიმართულებით პროექტი “Covid-19-ზე მდგრადი რეაგირება სომხეთსა და საქართველოში”, რომელიც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერაა მხარდაჭერილი, გადადის ახალ აქტივობაზე - თაობათაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობაზე. ვიდრე მოხალისეები ხანდაზმულებთან ურთიერთობას დაიწყებენ, ახალგაზრდებისთვის დაიგეგმა ტრენინგები.
პირველი დახმარების თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მჭიდრო კავშირში იმუშავებენ ხანდაზმულებთან.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ტრენერმა ალექსანდრე ოქროპირიძემ გორში, ხოლო ბელა უგრეხელიძემ ბოლნისის ფილიალიდან დმანისსა და კაზრეთში, 11-12 მარტს ჩაატარეს „პირველი დახმარების“ ტრენინგები „მხარდაჭერის სახლის“ ახალგაზრდა მოხალისეებისათვის სამივე ლოკაციაში. ტრენინგის მიზანი იყო პირველი დახმარების გაწევის თაობაზე საბაზისო თეორიული ცოდნის მიწოდება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავება.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორია გადაუდებელ შემთხვევებში პირველი დახმარების გაწევის თანმიმდევრობა და ტექნიკა, მათ შორის როგორ ხდება დაზარალებულის პირველადი და შემდგომი დათვალიერება, გულ-ფილტვის რეანიმაცია (გულის არაპირდაპირი მასაჟი), ჭრილობის დამუშავება და შეხვევა, რისი გათვალისწინებაა აუცილებელი დამწვრობის, სისხლდენის, გულის წასვლის , სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებების დროს.
Comments